ორსულობა და COVID-19
ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია ქალის ცხოვრებაში და ბუნებრივია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. ქვემოთ გთავაზობთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ორსულებსა და მათი ოჯახის წევრებს ხშირად აინტერესებთ.
1. ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი
ორსულებს კორონავირუსით ინფიცირების იგივე რისკი აქვთ, რაც სხვა ადამიანებს. ორსულობა, როგორც ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თავად არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორსულები შედარებით მოწყვლადი ჯგუფია ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მიმართ, მათ შორის იმ ვირუსების ჯგუფის, რომელსაც COVID-19 მიეკუთვნება.
სტატისტიკა (აშშ):
2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 9 აგვისტომდე:
COVID-19-ით დაინფიცირდა 105,645 ორსული
ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 18,006 შემთხვევაში
გარდაიცვალა 124 ქალი
2. გადაეცემა თუ არა COVID-19 ორსულიდან ნაყოფს მუცლადყოფნის პერიოდში
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ვირუსის დედიდან ნაყოფზე გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა.
ჩინეთში აღწერილია ახალშობილების ინფიცირების შემთხვევები, თუმცა დაუზუსტებელია, როდის მოხდა ინფიცირება — მუცლადყოფნის პერიოდში თუ დაბადების შემდეგ.
ასევე ცნობილია კორონავირუსით ინფიცირებული 9 ორსულის შემთხვევა, რომლებმაც იმშობიარეს როგორც ფიზიოლოგიურად, ისე საკეისრო კვეთით — ყველა შემთხვევაში ახალშობილი იყო ჯანმრთელი და COVID-19 არ დაუდასტურდა.
დასკვნა:
ამ ეტაპზე 100%-ით დაზუსტებული არ არის, რომ ვირუსი დედიდან ნაყოფს არ გადაეცემა, თუმცა დღემდე:
COVID-19 არ აღმოჩენილა სანაყოფე წყლებში
არ აღმოჩენილა დედის რძის ნიმუშებში
3. რა გავლენას ახდენს COVID-19 ნაყოფის ჯანმრთელობაზე
არსებული დაკვირვებებისა და მონაცემების მიხედვით, ინფიცირებული ორსულების უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები სრულად ჯანმრთელები დაიბადნენ.
COVID-19-ს და მის სამკურნალოდ სწორად შერჩეულ მედიკამენტებს ტერატოგენული ეფექტი არ დაუდასტურდა.
თუმცა, რადგან კორონავირუსის ყველა შტამი ჯერ სრულად შესწავლილი არ არის, განსაკუთრებით ორსულობის საწყის ეტაპებზე მისი გავლენა კვლავ კვლევის პროცესშია.
4. შეიძლება თუ არა COVID-19-ის მქონე დედამ ბავშვი ძუძუთი გამოკვებოს
დიახ. COVID-19-ის მქონე ქალებს შეუძლიათ ბავშვი ძუძუთი გამოკვებონ, თუ თავად ასე გადაწყვეტენ.
დედის რძე:
იცავს ახალშობილს მრავალი ინფექციისგან
აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს
ვირუსული გრიპების მსგავსად, COVID-19-ის დროსაც ვირუსი დედის რძეში არ გადადის.
აუცილებელი რეკომენდაციები:
ბავშვის კვებისას ატარეთ ნიღაბი
დაიბანეთ ხელები ბავშვთან შეხებამდე და შემდეგ
რეგულარულად გაასუფთავეთ და დაეზინფიცირეთ ზედაპირები
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმები ურჩევენ რძის გამოსაწველი მექანიკური მოწყობილობების გამოყენებას, რათა შემცირდეს ფიზიკური კონტაქტი, თუმცა ბავშვმა მიიღოს დედის რძე.
5. როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა კორონავირუსისგან
ორსულმა ქალებმა COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად უნდა დაიცვან იგივე რეკომენდაციები, რაც სხვა ადამიანებმა.
აუცილებელია:
ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტშემცველი ანტისეპტიკით
სამედიცინო ნიღბის გამოყენება
სოციალური დისტანციის დაცვა
ხალხმრავალი ადგილების თავიდან აცილება
თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელით შეხებისგან თავის შეკავება
რესპირატორული ჰიგიენის დაცვა (დახველებისას პირის დაფარვა იდაყვით)
გახსოვდეთ
არ გადადოთ ექიმთან გეგმიური ვიზიტები
წინასწარ ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, რათა თავიდან აიცილოთ ხალხმრავლობა
COVID-19-ის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და ჩაიტარეთ ტესტირება
დადასტურებული კოვიდის დროს თვითნებურად მკურნალობა არ დაიწყოთ
ნებისმიერი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით
აცრა გვიცავს!
ტელ: 16 011


